მოსკოვის ქართული სათვისტომოს ვოკალური ანსამბლი "ლომისი" 25 წლისაა

ანსამბლი პირველად მსმენელთა წინაშე წარსდგა 1989 წლის 26 მაისს, მოსკოვში, არბატზე, ქართულ კულტურულ-საკომერციო ცენტრ „მზიურში“ საქართველოს თავისუფლების დღისადმი მიძღვნილ საზეიმო საღამოზე, რომელიც მოაწყო ახლად ჩამოყალიბებულმა მოსკოვის ქართულმა სათვისტომომ. საღამო, რომელსაც ესწრებოდნენ - საქართველოს წარმომადგენლობა მოსკოვში, საზღვარგარეთის 10-მდე საელჩოს დიპლომატები და სესიაზე მყოფი სსრკ უმაღლესი საბჭოს დეპუტატები საქართველოდან, ეროვნული მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერის აკაკი ბაქრაძის თაოსნობით, - მაღალ დონეზე იყო ორგანიზებული და იმდროინდელ საბჭოურ პირობებში მწვავე პოლიტიკურ ხასიათს ატარებდა.

 პირველი შემადგენლობა ანსამბლის ასეთი გახლდათ: რევაზ ჩირინაშვილი, ალექსანდრე (კახა) ლომაია, როინ კონჯარია, თეიმურაზ ვასაძე, ლევან შენგელია, არჩილ ფოჩხუა, გია კაჭარავა, გია ჭელიძე.

     სახელი „ლომისი“ ანსამბლს დაერქვა 2000 წელს, დაარსებიდან დღემდე ანსამბლის უცვლელი დირექტორის და სოლისტის, მოსკოვის ქართული სათვისტომოს ვიცე პრეზიდენტის როინ კონჯარიას წინადადებით.

     ანსამბლი „ლომისი“ მრავალი საერთაშორისო ფესტივალის თუ კონკურსის მონაწილე და ლაურეატია: მოსკოვი, სანკტ-პეტერბურგი, როსტოვ-დონი, ვორონეჟი, ტულა (რუსეთი), მინსკი (ბელორუსი), კიევი (უკრაინა), ვარშავა, კრაკოვი, ბელოსტოკი (პოლონეთი), თბილისი, გორი, ბათუმი (საქართველო) - გახლავთ არასრული სია იმ ქალაქების, სადაც მას თავისი ხელოვნებით მხურვალე აპლოდისმენტები დაუმსახურებია. არაერთხელ მიუღია აგრეთვე მონაწილეობა რუსეთის სხვადასხვა სატელევიზიო არხების გადაცემებში.

     „ლომისის“ შემადგენლობაში სხვადასხვა დროს 30-მდე პროფესიონალი თუ მოყვარული მომღერალია ნამყოფი. მათ შორის: სლავა გაბიჩვაძე, დავით კალანდია, რაჯი ფოჩხუა, გურამ მარტინენკო, ვალერი ბიგვავა, ოთარ ხატელიშვილი, ბიძინა მახარაძე, ამირან ჩხაიძე,

როინ პაპავა, რამაზ ჩიკვილაძე, ბესიკ ალიბეგაშვილი, ვახტანგ მჭედლიშვილი, დავით (ლუკა) ქაფიაშვილი, ძმები ილია და შოთა აბულაძეები...

     ანსამბლის საშემსრულებლო დონის ამაღლებაში და სარეპერტუარო ზრდაში თავის დროზე მნიშვნელოვანი წვლილი აქვთ შეტანილი აფხაზეთის ახალგაზრდული კაპელის მხატვრულ ხელმძღვანელს, ცნობილ საგუნდო დირიჟორს გურამ ყურაშვილს და ანსამბლ „ერისიონის“ მომღერალს, შესანიშნავ ლოტბარს ამირან ჩხაიძეს.

     2010 წლის იანვარში „ლომისმა“ დიდი დანაკლისი განიცადა, ანსამბლს გამოაკლდა დაარსებიდან ოცი წლის განმავლობაში მისი უცვლელი მხატვრული ხელმძღვანელი, ნიჭიერი კომპოზიტორი, შესანიშნავი მუსიკოს-შემსრულებელი, საოცრად თბილი და გულისხმიერი ადამიანი - რევაზ ჩირინაშვილი.

     მეხუთე წელია, რაც „ლომისს“ ხელმძღვანელობს ანსამბლის პირველი შემადგენლობის წევრი, თბილისის მუსიკალური კომედიის თეატრის ყოფილი მომღერალი, ქართული ხალხური სიმღერის შესანიშნავი მცოდნე - თეიმურაზ ვასაძე.

     მთელი მისი არსებობის მანძილზე ანსამბლისათვის ყველაზე დიდი გამოცდა მაინც საქართველოში ქართველი მსმენელის წინაშე წარდგომა იყო, რისი შესაძლებლობაც მას ორჯერ მიეცა - 2008 და 2013 წლებში, ორივეჯერ საერთაშორისო ფესტივალ „ჩვენებურებზე“ მოწვევის წყალობით, რისთვისაც „ლომისი“ დიდი მადლიერებით იხსენიებს ამ ფესტივალის დამფუძნებლებს და ორგანიზატორებს ქალბატონ დარეჯან კუხიანიძეს და ქალბატონ გიული ალასანიას. სამომავლოდ დიდი სტიმული გახდა ანსამბლისათვის ფესტივალ „ჩვენებურების“ მხატვრული ხელმძღვანელის, ქართული სასიმღერო ხელოვნების უდიდესი მეტრის, ბატონი ანზორ ერქომაიშვილის მაღალი შეფასება, რომელიც მან „ლომისის“ გამოსვლებს მისცა.

     მადლიერების გრძნობით იხსენიებს ანსამბლი მათ, ვინც „ლომისს“ არაერთხელ გაუწია ფინანსური თუ სხვა სახის დახმარება. ესენი გახლავთ: ტრისტან სურმავა, თემურ სტურუა, ნოდარ გაგუა, ნოდარ ერიაშვილი, ზურაბ ბერიძე, ლევან ფესვიანიძე.

ამჟამად „ლომისი“ ძირითადად შემდეგი შემადენლობით გამოდის:

თენგიზ დეკანოსიძე, ზვიად ქადარია, ჯონი კვარაცხელია, მამუკა ფიფია, როინ კონჯარია, თეიმურაზ ვასაძე. ანსამბლის რეპერტუარის ძირითად ნაწილს ქართული ხალხური პოლიფონიური სიმღერები შეადგენს. რეპერტუარში აქვს აგრეთვე საეკლესიო საგალობლები და ქართველ კომპოზიტორთა ვოკალურ-ანსამბლური ნაწარმოებები.


-       მაინც რა იყო ამ 25 წლის განმავლობაში და რა არის მთავარი მამოძრავებელი ძალა, რა გაიძულებთ ანსამბლის წევრებს უზარმაზარი მეგაპოლისის პირობებში საათი-საათნახევარი დახარჯოთ რეპეტიციაზე მოსასვლელად, ამდენივე უკან, პლიუს კიდევ რეპეტიცია ორი საათი კვირაში ორჯერ, სამსახურის შემდეგ დაღლილ-დაქანცულებმა? - ვკითხე ბატონ როინს.

-   პირველ რიგში ქართული სიმღერის უანგარო სიყვარული, რადგან ანსამბლს ხელფასი ან სხვა სახის გასამრჯელო არასოდეს ჰქონია. მეორე ის, რომ ამ გაყინულ ქვეყანაში შენი სიმღერით ცოტაოდენი ქართული მზის სითბო შეგიძლია მოჰფინო გულზე შენს მსმენელს და მესამე - რომ სამშობლოს გარეთ შენი ერის უნიკალური შემოქმედების დესპანი ხარ და მის პოპულარიზაციას უწყობ ხელს.

- რა იყო ანსამბლის ცხოვრებაში ყველაზე ავად და ყველაზე სასიამოვნოდ მოსაგონარი?

-   ყველაზე ავად მოსაგონარი, რა თქმა უნდა, რეზოს დაკარგვა იყო და მალევე ჩვენი გამოყრა წმინდა გიორგის ქართული ტაძრიდან, სადაც „მზიურის“ გასხვისების შემდეგ სარდაფში მდებარე სატრაპეზოში რეპეტიციებს გავდიოდით ხოლმე და თქვენ რომ არ დაგვხმარებოდით, ბატონო ნოდარ, შეიძლება დავშლილიყავით კიდეც. სასიამოვნოდ მოსაგონარი, ბუნებრივია, ბევრი გვაქვს, მაგრამ ახლა მხოლოდ ერთს გავიხსენებ: 2001 წელს გურამ ყურაშვილის აქტიური მონაწილეობით სანკტ-პეტერბურგში ვაჟთა გუნდების და კვარტეტების III საერთაშორისო ფესტივალ „ბარბერშოპ ჰარმონია“-ზე მიგვიწვიეს. ფესტივალი გაიხსნა აკადემიური კაპელის დარბაზში. კოცერტში მონაწილეობდნენ: თითქმის ას-ას კაციანი ორი გუნდი ნიუ-იორკიდან - „ბიგ ეპლ კორუს“-ი და „ტვინ შორს კორუს“-ი, კვარტეტები - „რევილ“-ი და „მეტროპოლის“-ი ორივე ნიუ-იორკიდან, აგრეთვე ათამდე კვარტეტი და ანსამბლი რუსეთის სხვადასხვა ქალაქებიდან, მათ შორის ჩვენც. დარბაზი სავსე იყო ძირითადად ამერიკელებით - მომღერლებს ჩამოყოლილი ოჯახის წევრებით და მათი მეგობრებით. ქართულმა სიმღერამ მოხიბლა დარბაზი და აპლოდისმენტები არ დაგკვლებია, მაგრამ ყველაზე საინტერესო მაინც კონცერტის შემდეგ მოხდა, როდესაც მაყურებლებიც და მომღერლებიც კაპელის ეზოში ჩავიდნენ. ჩვენ პროგრამით კონცერტის დასასრულს გვქონდა გამოსვლა და ხალხით გაჭედილ ეზოში ყველაზე ბოლოს ჩავედით. ის იყო ეზოს შუაგულს მივუახლოვდით, რომ მოულოდნელად ჩვენს ირგვლივ დიდი წრე შეიკრა და ტაშმა იგრიალა. რამდენიმე წამს გაოგნებულები ვიყავით, არ ვიცოდით რა ხდებოდა, მაგრამ მერე უცებ დავიდა ჩვენამდე, რომ ოვაცია მოგვიწყვეს! ეს იყო ქართული სიმღერის ზეიმი, ოვაცია, რა თქმა უნდა, ქართულ სიმღერას ეკუთვნოდა.

ნოდარ ერიაშვილი